logo
ENG



"ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე" - სააკაშვილის წერილი ციხიდან

04 ოქტ 202118:23
3 წუთის საკითხავი
 
"ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე" - სააკაშვილის წერილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოგზავნა. ის ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიამ წაიკითხა, რომელმაც ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეში ადვოკატის რანგში მოინახულა. 

სააკაშვილი წერს: 

"როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. 

როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა. მინდა ასევე იცოდეთ, რომ შიმშილობას არ შევწყვეტ არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე. თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ვიცი, რაზე მივდივარ. 

არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა, წინასწარვე უარი განვაცხადე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემი უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რამე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ეს მე ხელის ჩამოსაშვებად არ მომიწერია, პირიქით, გწერთ იმისთვის, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ"

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან მისი გათავისფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. 


close დახურვა